NEW

E K O N I A

ეკოლოგიურად სუფთა საფარი

დატოვე კომენტარი

პოლიმერული საფარი შეიძლება ჭურჭლის სარეცხ საშუალებად გამოდგეს

წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, სადილის შემდეგ ჭუჭყიანი თეფშების, ქვაბების, ტაფებისა და სხვა ჭურჭლის ბაკანში ჩაყრა და ყოველგვარი სარეცხი საშუალებებისა და დიდი ფიზიკური ძალის ხარჯვის გარეშე უბრალოდ წყლის გადავლებით გარეცხვა რომ შეგეძლოთ.

მეცნიერები ახლა სპეციალურ პლასტიკურ საფარზე მუშაობენ. ამ საფარის წყალობით შეიძლება მართლაც დადგეს დრო, როცა ჭურჭელი, სარკეები სააბაზანოში და ფაბრიკაში დამზადებული მოწყობილობაც კი სუფთა წყლით გარეცხვის შემდეგ ბზინვას დაიწყებს.

ეს ახალი მასალა არამხოლოდ მათ მოეწონებათ, ვინც ოჯახში ჭურჭელს რეცხავს ხოლმე, არამედ ეკოლოგებსაც, რომლებსაც ძალიან აწუხებთ კანალიზაციის მილებში დიდი რაოდენობით ჩამდინარე სარეცხი საშუალებები. კანალიზაციის წყლებში დიდი მოცულობით დაგროვების შემთხვევაში, სარეცხმა საშუალებებმა, სხვა შედეგებთან ერთად, შეიძლება წყალმცენარეების გამრავლებასაც შეუწყოს ხელი.

“ჩვენი მიზანია სარეცხი საშუალებების ფორმულიდან საპონი ამოვიღოთ”, – ამბობს ინდიანას შტატის უესტ ლაფაიეტის პერდიუს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მასალების შემუშავების დარგში ჯეფრი იანგბლადი.

ექსპერიმენტების ადრეულ ეტაპზე დოქტორი იანგბლადი და მისი კოლეგები საფარს შუშის ზედაპირზე ქიმიური საშუალებებით აკრავდნენ, მაგრამ ახლა სითხეებისთვის სპეციალურ პოლიმერულ დანამატებზე მუშაობენ. პულვერიზატორში მოთავსებული ასეთი სითხე სარკეებისა და სათვალეების გასაწმენდად იქნება გამოყენებული.

მეცნიერები ასეთ საფარს თვითრეცხვადს უწოდებენ, რადგან ამ მასალით დაფარული ზედაპირი ცხიმის ნარჩენების მოშორების საქმეს ძირითადად თვითონვე ასრულებს. “ცხიმი წვეთებად გროვდება, წყალი ზეთს ქვემოდან ადგება, ზედაპირზე სწევს, რის შემდეგაც ადვილად გადაირეცხება”, -ამბობს დოქტორ იანგბლადის ჯგუფის წევრი და მკვლევარი კირსტენ ჯენსონი.

პროფესორი პოლიმერული მასალების დარგში და მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის მასალებისა და საინჟინრო ცენტრის დირექტორი მაიკლ რაბნერი ამბობს, რომ ასეთი საფარის შექმნა მახვილგონივრული მიგნებაა.

“ჯეფმა ზედაპირზე მოლეკულების დაჯგუფების ისეთ საშუალებას მიაგნო, რომ ზედაპირი თვითონ იწმინდება და ცხიმს არ იკრავს”, – თქვა მან.

ქიმიკოსი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი უილიამ ბრიტენი ამბობს, რომ დოქტორ იანგბლადის მიერ შექმნილი საფარი ნაწილობრივ იმიტომაც არის ეფექტური, რომ ცხიმს არ იკრავს.

ჩვეულებრივი საშუალებებით რეცხვის დროს, ცხიმი და ზედაპირზე დაგროვილი ჭუჭყი საპნის საშუალებით წყალში ემულსიასავით იხსნება, წყალი კი შეფერილობას იძენს. დოქტორ იანგბლადის ყოფილი სტუდენტი ჯონ ჰაუატერი ამბობს, რომ ახალი საფარის მეშვეობით შესაძლებელი გახდება საპნის გარეშე ცხიმის წყლით მოშორება. ბატონო ჰაუატერი დოქტორ იანგბლადის ჯგუფში მუშაობდა, ახლა კი მერილენდის შტატის ქალაქ გეითერსბერგის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას. “ცხიმი ზედაპირს თვითონ მოსცილდება”, – თქვა მან.

პერდიუს ჯგუფის მიერ შექმნილი თვითრეცხვადი საფარი გრძელ ჯაჭვებად გადაბმული პოლიმერებისაგან მზადდება. კოლორადოს გოულდენის მაღაროების სკოლის ქიმიის ასისტენტ პროფესორი სტივენ ბოისი ამბობს, რომ შეიძლება ჯაჭვის ისე შექმნა, რომ ყოველ მის ნაწილს განსხვავებული თვისებები ჰქონდეს. ერთი ნაწილი ტეფლონის მსგავსი იქნება, რაც ცხიმის წვეთებად დაგროვებას შეუწყობს ხელს, სხვა ნაწილი კი წყალს ცხიმის გადარეცხვაში დაეხმარება.

დოქტორი ჰაუარტერის თქმით, პერდიუს მკვლევარები ცდილობენ საფარი ფილტრებსა და მემბრანებზეც გამოიყენონ, რომ წყალში დაგროვილი ცხიმი შეგროვდეს, წყალი კი ჩაირეცხოს. ასეთი მემბრანები შეიძლება დიდი რაოდენობით დაღვრილი ცხიმის ასაწმენდად, ან წყლის გასასუფთავებლად იქნას გამოყენებული.

მსგავსი საფარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭიქებზე, ავტომანქანების საქარე მინებზე ან სააბაზანოს სარკეებზე, რომ ისინი არ შეიორთქლოს და ადვილად გასაწმენდი გახდეს. “როცა ადამიანი შხაპს მიიღებს”, – აგვიხსნა დოქტორმა ჯენსონმა, – “ჩვენი საფარით დაფარული სარკე არ დაიორთქლება”.

ასეთ შემთხვევებში, წვეთების წარმოქმნის ნაცვლად წყალი ზედაპირს ერთი მთლიანი თხელი ფენით ფარავს და ეს ფენა მხედველობას ხელს არ უშლის. სარკე ჩვეულებრივად სუფთა ჩანს და ადამიანი მასში თავს შეუფერხებლად ხედავს.

ასეთი სარკე რომ დალაქავდეს, ლაქა უფრო ადვილად მოსცილდება, რადგან ის უშუალოდ სარკეს არ ეკვრის. “ლაქა ჩვენ საფარს ედება”, – თქვა მან და დასძინა, რომ ამიტომაც არის ადვილი გასაწმენდი.

დოქტორი იანგბლადი ამბობს, რომ ამჟამად საფარებისა და დანამატების საკითხს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან იხილავს. “ალბათ სხვადასხვა სახის ცვლილებების მოვახდენთ”, – თქვა მან. ეს ცვლილებები შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რისთვის იქნება გამოყენებული პროდუქცია, ფანჯრების საფარად და გასაწმენდად, თუ ლაქის მოსაშორებლად.

ერთი წინადადება ჩვენც გვაქვს: გამოიგონეთ მუდმივი თვითრეცხვადი საფარი ჩვენი კბილებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვასთან ერთად კიდევ ერთ მომაბეზრებელ საქმეს მოვიშორებთ თავიდან, კბილების ყოველდღიურ ხეხვას.

Leave a http://www.youtube.com/watch?v=I2DWJqnpztYReply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s